უმაღლესი კომფორტით

დეპუტატები სასაფლაოებზე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ქოლგით, თავმჯდომარე VIP-ობის შესახებ, ფეშენებელური მანქანა – უმაღლესი საბჭოს წევრები უჩვეულო გადაწყვეტილებებით, თუ განცხადებებით არაერთხელ გამხდარა პოლიტიკური თუ გასართობი გადაცემების განხილვის თემა. ჩვენ ვეცადეთ, გაგვერკვია: რით არიან დაკავებული რეალურად უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, რომელთა მთავარი მიზნებია: მთავრობის კონტროლი და საკანონმდებლო საქმიანობაა. ამისთვის ყოველწლიურად ბიუჯეტიდან 5 მილიონ ლარამდე იხარჯება.
ფილმიდან გაიგებთ: რატომ არ წერენ კანონმდებლები კანონპროექტებს და რატომ შეიძლება მიაჩნდეს დეპუტატს კანონის მიღება PR საქმიანობად; ანაგრიშგასაწევია თუ არა არჩეული დეპუტატების აზრი მთავრობის წევრებისთვის, მაგალითად, სოფლის მეურნეობის მინისტრისთვის, რომელმაც საბჭოში ანგარიშის წარდგენის დროს თქვა, რომ პრობლემა საბჭოთა აზროვნების მქონე მეციტრუსეა; რატომ ჩადიან დეპუტატები ევროპის ქვეყნებში ხალხის ფულით სხვადასხვა სახეობის ცხოველების სანახავად და სამონადირეო საქმეების გასავითარებლად; დეპუტატები, რომლებიც რესტორნებში ბიუჯეტის ხარჯზე დადიან და ავთანდილ ბერიძე, რომელმაც სასულიერო პირებიც კი დაპატიჟა რესტორანში ხალხის ფულით. . .
ფილმში ასევე მოისმენთ აჭარის ყოფილი მთავარი პროკურორის – ლევან გზირიშვილის პოზიციას მედეა ვასაძის საქმეზე. მოქალაქე დოდო დიასამიძე აცხადებს, რომ ის უმაღლესი საბჭოს შენობაში ადამიანის უფლებების დაცვის კომისიის თავმჯდომარემ, მედეა ვასაძემ სცემა.
რისთვის არსებობს უმაღლესი საბჭო? დეპუტატების არგუმენტები და არასამთავრობო სექტორის შეფასებები - ნახეთ ჯაბა ანანიძის ფილმში `უმაღლესი კომფორტით'.