ულტიმატუმი უხერხულობის ნაცვლად

ულტიმატუმი უხერხულობის ნაცვლად

ულტიმატუმი უხერხულობის ნაცვლად

“ისედაც ვხედავთ, რა კომფორტშიც არიან. პრემიების ციფრებიც არ გამკვირვებია. ჩინოვნიკების პასუხები მაინტერესებდა, უხერხულობას თუ გამოხატავდა ვინმე” – მითხრა ერთმა ქალბატონმა ფილმის `პრემიები ულტიმატუმებით” ნახვის შემდეგ.

მეც ეგ მაინტერესებდა. ვიდრე ფილმის გადაღებას დავიწყებდი, მეგონა, რამდენიმე ჩინოვნიკი უარს მეტყოდა, რაღაცას მოიმიზეზებდა, ან მომცემდა ინტერვიუს, მაგრამ არგუმენტებით დამხვდებოდა. როგორმე დაასაბუთებდა, რატომ შეიძლო მიიღო, მაგალითად, პრემია 160 პროცენტით, ან როგორ შეიძლება ყველა თანამშრომელმა დაიმსახუროს პრემია თითქმის ყველა თვეში. მქონდა მოლოდინი, რომ იმას მაინც იტყოდა ვინმე, რომ “პრემია” წინა თუ ახალ მთავრობაში ჯილდო და განსაკუთრებული შემთხვევა კი არა, არამედ ჩვეულებრივი ხელფასია და მთავრობა, წინა ხელისუფლების იგივე ქმედებას `მავნე პრაქტიკად~ და `ღორობად~ როცა აფასებდა, ახლა რაღაცას შეცვლის.

ვისაც შევეხმიანე, ინტერვიუზე უარი არავის უთქვამს. აი, არგუმენტები კი თითოეულმა დაახლოებით ერთი და იგივე დამახვედრა. `ცისფერ მთებში~ მეგონა თავი. განსაკუთრებით მაშინ, როცა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ მითხრა, რომ სოფლის მეურნეობაში იმდენად დიდი წინსვლა და წარმატებები გვაქვს, რომ მე მსურს თურმე შეგნებულად უარყოფითი ფონი დავხატო. და თურმე ამ `დიად შედეგებში~ და “სოფლის აღორძინებაში” სამინისტროს თითოეული თანამშრომელი ყოფილა ჩართული და აბსოლიტურად ყველა იმსახურებს პრემიას.

განსხვავებული პასუხები ვერც სხვაგან მოვისმინე: ყველა უმაგრესად მუშაობს, კეთილსინდისიერად, პრემიას იმსახურებს ყველა და თუ არა 100 ან უფრო მაღალპროცენტიანი პრემია, ისინი საჯარო სამსახურებში არ გაჩერდებიან – აი, პასუხი. რა უხერხულობა და უკან დახევა?!

“არგუმენტად” მოვისმინე ისიც, რომ თურმე მილიონებს განკარგავს სამინისტრო... ანუ ხალხის მიერ დაქირავებული ჩინოვნიკი გვეუბნება, რომ თუკი პრემიას არ მივცემთ, მოიპარავს.
ამიტომაც დავარქვით ჩვენს ფილმს “პრემიები ულტიმატუმებით”. ჩინოვნიკები არათუ ვერ გვისაბუთებენ, რის გამო იღებენ მაღალ პრემიებს და დანამატებს, პირიქით, აქეთ გვიტევენ: მადლობა გადაგვიხადეთ, აქ რომ ვმუშაობთ, თორემ წავალთო.

სად მიდიან, მართლა მაინტერესებს. ოფიციალური მონაცემით, ბანკების მენეჯერების შემდეგ, ყველაზე მაღალი ხელფასი საქართველოში საჯარო მოხელეებს აქვთ. ხელფასს 100 ან უფრო მეტი პროცენტით პრემია ემატება, ან დანამატი. ან სულაც – ორივე ერთად შეიძლება მიიღო, მაგალითად, ბათუმის მერიაში.

მართლა, ინტერვიუს ჩაწეიდან გამოსულს, ბათუმის თვითთმმართველობასთან მოქალაქე დამხდა. ქუჩიდან მიმართავდა აგრესიულად ქალაქის მერს, - გამოდი კაბინეტიდანო. ვიცი, ეს ფანჯარაა მაგისია და აბა, ისე არ შემხვდაო.

არ ვიცი, ამ ფილმის გადაღების დროს განსაკუთრებულად მე მივაქციე ყურადღება, თუ მართლა ასეა: აგრესიის მომატება ვიგრძენი ხალხში. მაგალითად, ტაქსის მძღოლი, როცა ვეტყოდი, რომ მთავრობაში უნდა მივეყვანე, აგრესიული განწყობით იხსენებდა სხვადსხვა სამთავრობო დაპირებას. მანქანიდან გადმოსვლის დროს კი მიბარებდნენ: “ერთი, უთხარით მაგათ, რომ. . . მაგრამ რა უნდა უთხრათ. მანც არ ესმით ჩვენი”

“ცისფერი მთები” მახსენდებოდა ყველაზე მეტად ამ ფილმის მომზადების დრო. განსაკუთრებით კი ეს: “შაბიამნის ახალი პარტია მოიტანეს. არ გვჭირდება, მაგრამ მაინც მოიტანეს”

ჯაბა ანანიძე